Saturday, April 9, 2011

"ოთხი კედლის ილუზია" ანუ როგორ ვეცადე, დამედგა ფოტო:)

ყველა "პირწიგნაკელმა" კარგად იცის, თუ რა ხშირად ტარდება კონკურსები "პირწიგნაკზე" და ალბათ ხანდახან წასძლევთ ხოლმე მონაწილეობის სურვილიც. მეც, ერთ მშვენიერ დღეს ვნახე "ბილაინის" გამოცხადებული ფოტოკონკურსი, გარემოს დაცვის თემაზე.

http://www.facebook.com/pages/KINOS-SAXLI/360788348427?ref=ts&sk=wall#!/note.php?note_id=162111570512242

არ ვიცი რატომ, მაგრამ მომინდა რამე გადამეღო. საერთოდ, ერთი რაღაც მჭირს - როდესაც რაიმე გამოწვევაა, თუნდაც ნაკლებ მიმზიდველი, არ შემიძლია გულგრილად ავუარო გვერდი, რადგან მერე მეწყება სინდისის ქენჯნა, რომ რატომ არ ვაკეთებ იმას, რატომ არ ვაკეთებ ამას, რომ მომენდომებინა, გამომივიდოდა და ა.შ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ კონკურსებში მონაწილეობის მიღება სინდისის ქენჯნის თავიდან ასაცილებლად მჭირდება.. თუმცა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამისთვის:)
მოკლედ, ერთი საღამოს, ჩემი და ჩემი დის "ტვინის შტურმის" თუ "გონებრივი იერიშის" შედეგად (სხვათა შორის, ეს ტექნიკა მართლა ძალიან მაგარი რამაა) გაჩნდა იდეა, რომ ნაგავსაყრელზე გადამეღო ჩვეულებრივი, ოჯახურ-საუზმური სიტუაცია. წარმოვიდგინე სცენა და ვეღარ მოვისვენე.


იდეის განხორციელება დაიწყო ნაგავსაყრელის ძებნით. სიმართლე გითხრათ, გლდანის ნაგავსაყრელის დიდი იმედი მქონდა, თუმცა, გუგლში ცოტაოდენი ძრომიალის შედეგად აღმოვაჩინე ( მაგრამ ახლაც კი არ ვიცი, რამდენად სიმართლეა, იმიტომ, რომ გადამოწმება დამეზარა) რომ ჩემი გადამრჩენელი გლდანის ნაგავსაყრელი აღარ არსებობს. მწვანე ზონადაა გამოცხადებულიო, თუ რაღაც.. ასე რომ, დავიწყე საკუთარი ექსპედიციები.
ვაზისუბნისა და ვარკეთილის შორის არსებულ მინდვრებში მქონდა ნაგვის პოვნის დიდი იმედი. ამიტომ ერთ ქარიან დღეს (ვარკეთილში ეს იშვიათობა არაა) ავაწიოკე ჩემი მეგობარი ეკა 9რომელიც სასწაულებრივად დამთანხმდა ქარში ნაგვის საძებნელად გამოყოლაზე) და დავიწყეთ ოპერაცია, სახელად "ნაგავსაყრელი".
ბევრი ვიარეთ, თუ ცოტა ვიარეთ (ცოტა ვიარეთ), აღმოვაჩინეთ ასე თუ ისე, დანაგვიანებული ადგილი. მართალია, მე უფრო მასშტაბური ნაგავი მესიამოვნებოდა (რა ეგოისტი ვარ), მაგრამ ესეც არ იყო ურიგო. მოვნიშნეთ ტერიტორია (კოგნიტური სქემა შევიქმენი, ანუ ტვინში "ჩავინიშნე" ეს ადგილი) და წამოვედით ბედნიერები და კმაყოფილები. მე იმიტომ ,რომ ნაგავი ვიპოვე, ეკა იმიტომ, რომ მალე დამთავრდა ეს საზარელი ბოდიალი ქარში.

ეკა

სახლში მოსული ვეცი amindi.ge-ს და დავიწყე თავის მტვრევა იმაზე, თუ როდის უნდა გადამეღო ფოტო.
ზემოტ დამავიწყდა მეთქვა, თუ როგორი სასიამოვნო, თუმცა არც ისე ადვილი საქმეა რეკვიზიტების შეგროვება. სიას იცოცხლე, ხრიგინ-ხრიგინით ჩამოწერ, მაგრამ მერე შოვნაა რთული. ჩემი მეგობრები რომ არა, ვერაფერს ვერ მოვახერხებდი. საჭირო ნივთების დიდი ნაწილით მაიამ მომამარაგა. ყველაზე მეტად გართულდა მაგიდის შოვნა. ჯერ გასაშლელ მაგიდას ვეძებდი, უფრო სწორად, დასაკეცს, რომ მანქანაში ჩატეულიყო. რამენაირად ხომ უნდა მიმეტანა დანიშნულების ადგილას! თავის მტვრევა მაშინ გჭირდება ადამიანს, როცა ცდილობ, მინიმალური ხარჯებით გააკეთო რაღაც (სადაა ფული, თორე კი არ მენანება: ) თორემ 25 60 60 და მისი ჯანი, მთელ სახლს არ გადავზიდავდი? სწორედ ამის გამო ამოვიღე სცენიდან ტელევიზორი თავისი ტუმბოთი, რაზეც აქამდე მწყდება გული, რადგან ტელევიზორი ძალიან "სახლურია".

გადაღებისათვის სახარბიელო დღე სამყაროს საჩუქარს გავდა, რადგან იყო მზიანი და უქარო , რომელიც ვარკეთილში, ორ უქარიანეს დღეს შორის გამობრწყინდა. ავიბარგეთ მე და მაია, გამოვპრანჭეთ (უფრო სწორად, მაიამ გამოპრანჭა) თავისი უსაყვარლესი გოგონა, ანასტასია და როცა დათომაც მოაღწია ვარკეთილამდე თავისი სამეფო სკამითურთ, გავემართეთ მინდვრის პატარა არეულობისაკენ:)

დაიწყო ამაღელვებელი მზადება-გაწყობა:პ


და მცირე ხნის სახალისო (თუმცა, ცოტა საწვალებელი ფოტო-სესიის შემდეგ) მივიღეთ ის, რაც მივიღეთ:)


საღამოთი სახლში მობრუნებულმა ეს მეორე ფოტო გავაგზავნე კონკურსზე. პირველი უფრო მომწონს, როგორც ფოტო, მაგრამ მაინც მეორეზე შევაჩერე არჩევანი და ახლა ვნანობსავით:p

ფოტოს ქვია "ოთხი კედლის ილუზია", რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, საკუთარი სახლი ციხე-სიმაგრედ გვაქვს ქცეული და გვგონია, რომ ის, რაც გარეთ ხდება, ხდება ჩვენი სახლის გარეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვეხება. რეალურად კი, კედლები არ არსებობს მთელი დედამიწის, მთელი სამყაროს მასშტაბით:)

მთავარი ამ ამბავში, მსუქანი მიზეზი, რის გამოც მე ამ პოსტის დაწერა მომინდა, არის ის, რომ მე მყავს ადამიანები, რომლებიც გვერდში მიდგანან და მეხმარებიან (ბუზღუნის გარეშე) ჩემი ახირებების განხორციელებაში, იციან რა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ არ არის ადვილი, საკუთარ საქმეებს მოსწყდე და ერთ თითქმის ავანტიურისტს სადღაც ნაგავსაყრელებზე სდიო, საძებნელად თუ გადასაღებად, აღარაფერს ვამბობ არცთუ ისე მსუბუქი რეკვიზიტების თრევაზე:)

<3 ფოტომ ამ კონკურსზე აი ეს დაიმსახურა:)




რისთვისაც დიდი მადლობა ბილაინს:)
თეონა ბაკურაძე

Saturday, March 19, 2011

ტაშის ამტეხები

- დღეს კაკო კარგ ხასიათზეა, ესე იგი მთელ სპექტაკლს გაატარებს - გადაუჩურჩულა დიდმა თეონამ პატარა თეონას და ჩანთიდან წიგნაკი ამოაძვრინა.
- გვეღირსა! დღეს ალბათ მოვათავებთ - თქვა პატარა თეონამ და თავის უფროს კოლეგას შავი ფანქარი მიაწოდა.
კაკოს კარგი ხასიათი მსახიობ ლოშას მთლად ვერ გადაედო, რადგან კბილი სტკიოდა და ღამის უძინარი იყო, მაგრამ მაინც კარგად შეასრულა თავისი როლი და დიდმა თეონამ უყოყმანოდ ჩაინიშნა:
ტაში პირველი: ლოშა - მონატრების კიდევ ერთი დღე მაჩუქე, სულო .... და გავფრინდებით ჩვენ იქ!
- აი ამ სიტყვებზე მოვემზადებით და "გავფრინდებით ჩვენ იქ"-ზე დავცხებთ! არ დაგავიწყდეს - უთხრა დიდმა თეონამ პატარა თეონას.
პატარა თეონამ თავი დაუქნია და თითები დაიტკაცუნა.
- სიწყნარე, თუ შეიძლება! - სათვალეებსზემოდან გადმოხედა სცენის მტვრით გაბუღულმა კაკომ თეონებს. ლოშა სავარძელზე მიწოლილიყო, თვალები მიელულა და მძინარე ტიპს თამაშობდა სიამოვნებით, მეტისმეტი მონდომებით და მოკლედ, შესანიშნავად.
ამ დროს თვალშინაცარშეყრილი მსახიობი ქალი ანა ტელეფონის ყურმილს აწვალებდა და ვითომ უშედეგოდ ცდილობდა დედასთან დარეკვას. კაკო ჯერ კიდევ კარგ ხასიათზე იყო, ნერვიულ მოძრაობებს კარნახობდა მსახიობ ქალ ანას და ჟილეტის ჯიბეში მიჩუმათებული მობილური ტელეფონი აღარც ახსოვდა.
პატარა თეონამ პირველივე ხელსაყრელ მომენტში წაიბურტყუნა.
დიდი თეონა მოთმინებით ელოდა მეორე სატაშე მომენტს.


თეონა ბაკურაძე

Wednesday, February 16, 2011

სალამურას თავგადასავალი, მაშ!:)

არჩილ სულაკაურის ზღაპარი, თანაც ძალიან კარგი:) ლიბ.გეზეც დევს, თუ წიგნი არა გაქვთ...
ერთ მშვენიერ დღეს ძალიან მომინდა, დამეხატა ილუსტრაცია და ამ სურვილის შესრულებას დიდი გულმოდგინებით შევუდექი: გვერდით ბლოკნოტი და ფანქარი მოვილაგე და კითხვა დავიწყე. როგორც კი შემხვდებოდა რაიმე მნიშვნელოვანი, პერსონაჟი თუ ადგილის აღწერა, ეგრევე ვინიშნავდი:)
ასე და ამგვარად, გავიდა ერთი დღე.
მომდევნო საღამოს გადავწყვიტე ეს სცენა დამეხატა. არცთუ ისე მნიშვნელოვანი სცენაა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს ამჟამად, წიგნისთვის ხომ არ ვხატავდი, ჩემთვის ვხატავდი:პ


ეს იყო:)) ჩანახატი გავაკეთე ჩემს უუუსაყვარლეს ალბომში, მერე კომპში შევაგდე და ვეცადე,რამე კარგი გამოსულიყო:) ფოტოშოპის ღირსებები დიდად არ გამომიყენებია:პ


თეონა ბაკურაძე

Monday, December 13, 2010

საზღვარი

საოცარია ის ფაქტი, რომ თუკი რაღაცის თქმა გინდა, ყოველთვის მოგეცემა ამის შესაძლებლობა. ჩვენ ხომ დაბეჯითებით გვასწავლიდნენ, რომ ადამიანისთვის ყველაზე მთავარია, მისი ესმოდეთ. ამას გვასწავლიდნენ ჩვილობაში, როცა ვცდილობდით პირველი ბგერების ამოლუღლუღებას და დიდობაშიც, მშობლიურ "ალმა მატერებში". ამიტომ ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს საკუთარი ინდივიდუალობა გამოავლინოს. ეს ყველას სხვადასხვანაირად გამოსდის. ზოგი ხატავს, ზოგი წერს, ზოგი სამოსს ქმნის და მასში დებს საკუთარ ხატს, როგორც სინათლეს. დიასახლისი ქალის ყოველდღიურობაშიც კი მიდის შემოქმედებითი პროცესი - ყველას უნდა თქვას თავისი სიტყვა მისთვის ჩვეული ხერხებით.
ადამიანს ხანდახან სჭირდება კიდეც საზღვრები საიმისოდ, რომ გამოფხიზლდეს, თვითრეალიზაცია მოახდინოს. მე ხშირად ვფიქრობ ადამიანის მიერ დათქმული საზღვრების არსზე. ერთ-ერთი, რაც ვიცი, არის ის, რაც უკვე ყველამ იცის - რომ რაც უფრო მეტ საზღვარს და აკრძალვას დაუწესებ კაცს, მით უფრო ძლიერად აბრიალდება მასში პროტესტის, მეამბოხეობის, ან თუნდაც, უბრალოდ ამ თემაზე, საზღვრის თემაზე საუბრის სურვილი. ეს ადამიანის ბუნებაში დევს. დაგვიწესეთ მილიონი საზღვარი და ჩვენ გამუდმებით გახვეულნი ვიქნებით მილიონსავე ზღვარსგაცილებული ფიქრის ბურანში.
სიურპრიზებით და ფორს-მაჟორებით სავსე ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეფარდებითია (ვაგლახ,დამასწრეს ამის თქმა!) და ამიტომ, მოგიყვებით კონკრეტულად ჩემი დამოკიდებულებების შესახებ.

მე პატივს ვცემ "10 მცნებას". ისინი მთავარი მაგალითი და ქცევის უპირველესი საზღვარია ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. უმაღლესმა გონმა შექმნა ისინი, რათა ადამიანთა მასა საკუთარი თავისაგან დაეცვა. ეს საჭირო გახდა იმიტომ, რომ მხოლოდ ღრმად მოაზროვნე ინდივიდი შეიგნებს, რომ ამ მცნებების დარღვევა, თავისი არსით, ღვთის წინაშე ჩადენილი დანაშაული კი არაა, არამედ, საკუთარი შინაგანი სამყაროს, საკუთარი სინდისის წინაშე.

მე მეზიზღება ლოგიკური და ტერიტორიული საზღვრები. ზურგჩანთაში ჩავტენი ჩემს ნივთებს, გავიკეთებ შეუცვლელ რეი ბანს და სახეზე ღიმილითა და ძალუმად აძგერებული გულით მკერდში, გავწევ ჩრდილოეთისაკენ.პირჯვარს გადავიწერ დიდებული ტაძრის წინ, რომელიც ყოველთვის გააერთიანებს ჩემს ორ სამშობლოს და გავუდგები შორ გზას ამაყი მწვერვალებისაკენ. გავივლი ბევრ კილომეტრს, ისე, როგორც ჩემამდე მრავალი წლის წინ გადიოდნენ სამყაროზე და სიცოცხლეზე შეყვარებულები და მივაღწევ მიზანს. იქ, სადაც ყველაფერი ასეთი უცხო და შორეული ჩანს, გაერთიანდება "შინდის წვენი" და "არყის ხის ჩითი", ჩემი ძველი მეგობრები კი ადღეგრძელებენ საზღვრების არარსებობას.

მიმიფურთხებია ეთიკური საზღვრებისათვის, იმიტომ, რომ ბედნიერებისაგან ყვირილი მინდა, როცა ყურმილში მისი ხმა მესმის და მინდა შუა რუსთაველის პროსპექტზე ვკოცნო. როცა დაქალის ბოიფრენდს სხვა მოჰყავს ცოლად (გრძელი ამბავია), მინდა უცერემონიოდ ჩავაფურთხო სახეში და რომელიმე ბნელი ადგილის კრიმინალებს უკანასკნელი ფული მივცე, რომ ეს არამზადა სასტეიკე ხორცივით დაბეგვონ.
მას შემდეგ, რაც "ფინანსებით მდიდარმა" სამინისტრომ ათი თვე ვოლუნტერად მამუშავა (ვოლუნტერობა - დროებითი ნებაყოფლობითი მონობა სამართლიანობის იმედით), მერე კი, რიგით გასაუბრებაზე, რომელსაც სამინისტროს ალბათ სრული შემადგენლობა ესწრებოდა, მოუსავლეთში გამიშვეს. მინდა მივუბრუნდე თავმჯდომარეს და ვუთხრა, რომ უნივერსიტეტის დერეფნებში მისთვის საიშვიათოდ უსწავლებიათ კარტის თამაში, თუკი სულ რაღაც საუკუნის მეოთხედის ცხოვრების შემდეგ მოახერხა და ისეთი კოზირი დაიჭირა, რომ მოხვდა იქ, სადაც მოხვდა.
თუკი ქუჩაში ბიჭი ან გოგონა მომეწონება, მინდა მივიდე და ვუთხრა მათ მათი გამორჩეულობის შესახებ და სახელი ბოზად ან ლესბოსელად არ გამივარდეს. მინდა მოხუცებს თვალებში ვუყურო და მათი ახალგაზრდობა გამოვიცნო, ისე, რომ არ შეცბნენ და ხის სკამებიდან არ აიბარგონ.

მე მიყვარს ჩვენი გოგონას ფუმფულა ქაფში ჭყუმპალაობა და ის, რომ მოსწონს ჩემთვის წარბებზე იროკეზის გაკეთება. მიყვარს, როცა ძილის წინ წიგნს ვკითხულობთ და ვმღერით, როცა ის ხუჭავს თვალებს და მისი გრძელი წამწამები ლოყებს ეფინება. მე კი ვწევარ გვერდით და აბრეშუმის თმებს ვეფერები. ამ მომენტში მე მძულს საკუთარი ცხოვრების საზღვარი...




Граница
Поразителен тот факт,что если хочешь сказать что-либо тебе всегда представится такая возможность.Ведь нас всегда учили и в детстве,когда мы пытались пролепетать первые слоги ,и в школе на уроках литературы,и позже в родных ,,альма матерах,,,что самым важным для человека является то,чтобы его услышали .Каждый человек на протяжении всей жизни пытается проявить свою индивидуальность. У всех это выходит по-разному.Некоторые рисуют, некоторые пишут,другие создают предметы одежды ,вдыхая в них ,,свет,, своего образа, даже в домохояйстве женщины присутствует творческий процесс ведь каждый хочет ,,сказать свое слово посредством привычных способов.
Человеку не нужны пределы или границы, чтобы проявить себя,самореализоваться.
Я всегда анализирую суть установленных человечеством границ. Ведь всем известно ,что чем больше создавать человеку границ и рубежей,тем сильнее в нем будет разгораться желание высказаться по этому поводу .Это в природе человека. Поставьте перед нами миллионы границ и нами постоянно будут овладевать миллионы ,,заграничных,, мыслей. Все относительно в этой полной на сюрпризы и форс-мажор жизни, поэтому скажу вам конкретно о своем отношении.
Я уважаю ,,10 Заповедей,,Они являют собой основной пример,потому что являются главными ограничениями в поведении для каждого православного христианина.Высший Разум создал их ,чтобы обезопасить массу людскую от самих себя,ибо только глубоко мыслящий индивид дойдет до того ,что по сути своей нарушение данных Заповедей это преступление не просто перед Богом,но и перед собственно внутренним миром самого человека-совести.
Я презираю границы логические и границы территориальные, соберу вещи в рюкзак ,надену свои неизменные Рей Бан, и с улыбкой на лице и громко стучащем сердцем в груди,устремлюсь на Север. перекрещусь перед великим Храмом , который всегда будет обьединять две мои родины , и отправлюсь в дальний путь к гордым Вершинам .Я пройду много километров, как и много лет до меня проходили влюбленные в жизнь и мир ,и достигну цели .И там ,где все кажется таким чужим и далеким ,обьединятся ,,кизиловый сок,, и ,,березовый ситец,, и мои старые друзья поднимут тост за несуществующие границы.
Я наплюю границы этические потому,что хочу кричать от радости ,услышав в трубке его голос и целоваться с ним прямо посреди проспекта Руставелли. Когда бойфренд подруги женится на другой я хочу бесцеремонно плюнуть ему в рожу и отдать криминалам в каких –нибудь злачных местах последние деньги ,чтобы его хорошенько оддубасили. Когда, после того как ,,богатое на финансы,, министерство заставило проволантерить десять месяцев ,а потом на очередном собеседовании в полном министерском составе отправило восвояси , повернуться и сказать председателю,что в университетских коридорах его отменно научили играть в карты,если он словил такой козырь и попал в начальники прожив всего четверть века.

Author: ჩემი მეგობარი:)

Monday, February 22, 2010

რა არის ბარამბო?




თავის გახილვისას მოყოლილი ამბავი

***
-მოდი, მოსწი თავი!.. ამხელა ბიჭი ხარ, რას იტყვიან შენზე? ტილიანს ჯერ არ გეძახიან? მოდი მეთქი, ნუ გარბიხარ! უხ, შენი!
_ მაშინ მითხარი რა არის ბარამბო.. რა არის ბარამბო?
_ წყნარად იჯექი, თავი კალთაში ჩამიდე და მისმინე.. ერთხელ, როცა ტელევიზორს უყურებდი და ნახე რეკლამა: “რა არის ბარამბო?” და თანაც ორმოცდაათჯერ ნახე, შენს გარდა ამ კითხვამ ის ტილებიც დააფიქრა, შენს თავში რომ ბინადრობენ. მათ საკმაოდ განვითარებული ცივილიზაცია აქვთ და ამას იმით მიაღწიეს, რომ ყოველთვის ყურადღებით ისმენენ და აკვირდებიან იმ ყველაფერს, რაც შენს გარშემო ხდება.
მოკლედ, მზვერავმა ტილებმა (მზვერავი ტილები თექვსმეტნი არიან და შენი გოგრის სხვადასხვა მხარეს აქვთ საგუშაგო პოსტები) რომლებსაც ევალებათ გამუდმებით უთვალთვალონ გარესამყაროს, ეს კითხვა უმალვე აცნობეს სატილეთის განათლებისა და განვითარების კლუბის მკვლევართა განყოფილებას.
“რა არის ბარამბო?” ამ კითხვამ მალე მთელი სატილეთი ააფორიაქა. საძაგელო, მოსწი თავი! ასე იმიტომ ფხუკუნებ, რომ დიდი წარმოდგენის არ ბრძანდები ტილის ინტელექტზე, არა? ეგ იქნებ იმიტომ, რომ თავში ქარი გიქრის?! შენგან განსხვავებით, მათ მყისვე დაიწყეს უცნობი ფენომენის ახსნისთვის წვალება.
-რა არის ბარამბო? რა არის ბარამბო? მთელი დღე ამის მეტი არა ისმოდა რა სატილეთში. მკვლევართა ჯგუფმა სასწრაფოდ მოიწვია ბრძენთა საბჭო, რადგან მიხვდნენ, რომ ამ საქმეს ბრძენთა გარდა ვერავინ უშველიდა.
ბრძენი ტილები ის უხუცესი სწავლულები არიან, ვინც შენს თავში ყველაზე ადრე დასახლდა და აქამდე ახერხებენ ჩემგან თავის დაღწევას. კაცმა რომ თქვას, მეც ვცდილობ, მათ არაფერი დავუშავო, უფრო მეტად სულელ და უვიც ტილებს ვერჩი, რომლებიც მთელს დღეს თმის ერთი ღერის ძირში კოტრიალსა და სისხლით პირის ჩაგემრიელებაში ატარებენ. ასეთებისაგან მაინც არაფერია ხეირი! ბრძენი ტილები კი, როგორც მათი წოდებიდანაც ჩანს, მართლაც ჭკვიანები არიან და ცდილობენ, ძალიან არ გაიტიკნონ, რომ ადვილად გამექცნენ.
მოკლედ, შეიკრიბა ბრძენთა საბჭო. საუბედუროდ, მათაც არაფერი სმენოდათ ბარამბოს შესახებ. რა არის ბარამბო? რა არის ბარამბო? იმეორებდნენ ისინი ჩაფიქრებული სახით. – უეჭველია, დაიწყო ყველაზე უხუცესმა ბრძენმა ტილმა, - რომ ეს ბარამბო ადამიანი არაა, რადგან ადამიანთა, და ამ შემთხვევაში ქართველთა გრამატიკაში კითხვა “რა” ადამიანს არ დაესმის.
- მააგრამ, - შეეპასუხა მეორე ბრძენი _ ეს კითხვა შეიძლება დასაბნევად არის დასმული!
- ღმერთო, რა რთულია! თან ადამიანებს იმდენი უცნაური რამ აქვთ კიდევ! ფირმებიო, სიგურნიო, კუბიკ-კრუბიკიოო..და ვინ მოსთვლის!-დაამატა მწუხარე სახით მესამე ბრძენმა.
ბრძენთა საბჭოს “რა არის ბარამბო”-მდე “კუბიკ-კრუბიკის” არსი ჰქონდათ გამოსაცნობი. ეს თავსატეხი მათ შენმა პატარა ძმამ გაუჩინა, როცა პირველად გაიგო ამ ჭრელი სათამაშოს სახელი და მთელი კვირა სიამაყით გაიძახოდა, ჩემი კუბიკ-კრუბიკი, ჩემი კრუბიკ-კრუბიკიო.

ბრძენმა ტილებმა ორი დღე შეუსვენებლად იმსჯელეს შენს თავში. უამრავი ვერსია წამოაყენეს, მაგრამ რაც უფრო მეტს მსჯელობდნენ, მით უფრო რწმუნდებოდნენ, რომ უძლურნი იყვნენ, ამოეხსნათ ეს საშინელი საიდუმლო. ბოლოს ისე შეწუხდნენ, თავს რომ ვერ ართმევდნენ ამ ამოცანას, რომ რამდენიმე მათგანმა პენსიაზე გასვლაზეც კი დაიწყო ფიქრი. როგორც ჩანს, ჭკუა აღარ გვიჭრისო. რამდენიმემ კი ახალი თაობის მზვერავებს დასდო ბრალი, უგულისყუროდ არიან, უამრავ რამეს ვერ ამჩნევენ და ჩვენამდეც იმის ნახევარიც კი არ მოაქვთ, რაც ნახესო და პატივისცემით იხსენებდნენ ძველ მზვერავებს, რომლებიც დუსტის დიდ ლაშქრობაში დაიღუპნენ, რადგან ასეთ სახიფათო დროსაც კი არ ისურვეს თავიანთი საგუშაგოების მიტოვება და ძაღლში გახიზვნა. ისინი თურმე ისეთი მოწესრიგებულები თან ყურადღებიანები ყოფილან, რომ თითოეულ ახალ მოვლენასა თუ საგანს, რასაც შეამჩნევდნენ, ისეთი დაწვრილებითა და ისე გულდასმით აღწერდნენ, რომ სატილეთის განვითარება ელვის უსწრაფესი ტემპებით მიიწევდა წინ. ახლა კი, ბოლო ხანებში ერთ ადგილას გაიყინნენ და აი, მათი ჩამორჩენის უტყუარი საბუთიც: ვერ ამოუხსნიათ, თუ რა არის ბარამბო!
ყველაფერზე ხელის ჩაქნევამდე და დამარცხების აღიარებამდე უხუცესმა ბრძენმა ტილებმა უკანასკნელ ხერხს მიმართეს – ჯანღონიან მსახურ ტილებს სთხოვეს სატილეთის უძველესი და უდიდესი ენციკლოპედია მოეტანათ.
სატილეთის ენციკლოპედია ფრიად ღირსშესანიშნავი რამ გახლდათ. ვერცერთი ტილი მის სახელს გულის აუჩქარებლად და აუღელვებლად ვერ იტყოდა. ეს იყო უძველესი, უმდიდრესი, ერთადერთი წიგნი, რაც კი ტილებს გააჩნდათ. ენციკლოპედია მათი შედგენილი იყო – მზვერავი ტილები რაც კი რამ ყურადსაღებს აღმოაჩენდნენ, ამ წიგნში იწერებოდა ყველაზე ლამაზი კალიგრაფიის ტილის ხელით.
კოხტად დალაგებული ცოდნით სავსე ეს წიგნი ცოტა არ იყოს და მძიმე იყო. ოთხი მსუქან ტილზე უფრო მძიმე და კიდევ ცოტაც. ანუ ოთხ მსუქან ტილს პლიუს ორი მათგანის ქუდი – ეს იყო სატილეთის ენციკლოპედიის წონა.
მაინც საიდან გაიგეს ტილებმა რამდენს იწონიდა თავიანთი ერთადერთი და საფიცარი წიგნი? ალბათ იკითხავ. არა, მათ ნამდვილად არ გააჩნდათ სასწორი და სხვა მსგავსი მძიმე ნივთები. ენციკლოპედია ერთადერთი მძიმე ნივთი იყო მთელს სატილეთში. წიგნის წონა ასე ზუსტად მათ ჩვენს სამზარეულოს სასწორზე შეიტყვეს. ხანდახან, როცა გვძინავს, ტილები მეტად სახიფათო და რთულ, მაგრამ მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ექსპედიციებს აწყობენ ხოლმე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ექსპედიციისას აწონეს თავიანთი ძვირფასი ნივთი, სატილეთის ენციკლოპედია და რამდენადაც შეეძლოთ, ჩქარა დაბრუნდნენ შენს თავში.
მძიმე ნივთებს ტილები ძალიან ერიდებიან. საქმე იმაშია, რომ თუკი თავის ერთ წერტილში მეტისმეტ დაწოლას იგრძნობ, შეწუხდები და ეგრევე მოსაქავებლად წაიღებ ხელს, რაც ტილებს, რა თქმა უნდა, საშინლად არ სურთ. ისინი ერთი-ორი უმაქნისი ტილის სიკვდილს კიდევ გადაიტანენ, მაგრამ არამც და არამც ენციკლოპედიის განადგურებას. ამიტომაც არის, რომ სატილეთის თავდაცვის კლუბმა სპეციალური ოცტილიანი ჯგუფი შექმნა, რომლებიც ენციკლოპედიას გამუდმებით აქეთ-იქით დაატარებდნენ მორიგეობით და ეს სულ იმისთვის, რომ შენ არ შეგემჩნია და ფხანა არ აგეტეხა.


ბარამბოს მოძებნას სწორედ ამ ენციკლოპედიაში აპირებდნენ ბრძენი ტილები. იმედოვნებდნენ, რამე მსგავსი სიტყვა მაინც გვექნება შეტანილიო. “ოჰ, ნეტავი მალე გავიგებდეთ, თუ რა არის ბარამბო” გულში ნატრობდა ყველაზე ახალგაზრდა უხუცესი ბრძენი. მას ერთი სული ჰქონდა, სახლში დაბრუნებულიყო და დაესვენა, ძალიან დაღალა ამ თავის მტვრევამ.
ხუთივე ბრძენი ენციკლოპედიას დაეხვია. ეს იყო მათი ბოლო იმედი. ასო ბ-ზე გულისკანკალით გადაშალეს და თვალებგაფართოებულებმა დაიწყეს კითხვა, არცერთი სიტყვის გამოტოვება არ შეიძლებოდა, რადგან ბარამბო თუ არა, შეიძლება ბაკრამბო, ან ბირიმბო მაინც ჰქონოდათ ჩაწერილი და იმის მიხედვით რაღაცას მიმხვდარიყვნენ. ყველაზე ახალგაზრდა უხუცესი ბრძენი წიგნსდასეულ ტილებს გარს უვლიდა და ლოცულობდა, ღმერთო, შენ გვიშველე და გვაპოვნინე ბარამბოო.
ენციკლოპედია საკმაოდ ბევრ სიტყვებს მოიცავდა. იმდენად ბევრს, რომ ასო ბ-ზე დაწყებული სიტყვების ბოლომდე წაკითხვას ბრძენმა ტილებმა მეტისმეტი დრო მოანდომეს. მე კი რა გითხარი წეღან? ამ მძიმე ნივთის ერთ ადგილას გაჩერება დიდხანხ არ შეიძლებოდა. საბრალო ბრძენი ტილები ისე გაერთნენ ბარამბოს ძებნაში, რომ სულ გადაავიწყდათ, რა საფრთხეც ელოდათ. ის ის იყო, პატარა ტილუკა მოვარდა მათ გასაფრთხილებლად, სასწრაფოდ გადაიტანეთ სხვა ადგილას წიგნიო (ეს პატარა, ფეხმარდი ტილი თავდაცვის კლუბიდან გამოგზავნეს, თვითონ უკან მოსდევდნენ) რომ შენ ჩემთან მოვარდი წუწუნით: “დე, ძალიან მეფხანება თავი, გავგიჟდები, რამე მიშველეო” და მეც თმა გადაგიწიე. იმ ადგილას, სადაც ძალიან გეფხანებოდა და გეწვოდა, რაღაც ფუთფუთი შევნიშნე, პინცეტის პირი მოვკიდე და რაღაც ძეწკვივით გამოყვა. კარგად რომ დავაკვირდით, საოცარი რამ შეგვრჩა ხელთ: პაწაწინა წიგნი, მასზე ჩაფრენილი ხუთი გრძელწვერა ტილი, ერთ-ერთის კაბის კალთაზე ჩამოკონწიალებული პატარა ტილი და მის ფეხებზე მოქანავე ფორმიანი ხუთიოდე ტილისგან შემდგარი ჯაჭვი(რომლებიც სულ იგრიხებოდნენ და ერთ-ერთის, ალბათ მეთაურის ბრძანებაზე, სხვადასხვა მხარეს გადახტნენ) ამ საოცრებას სანამ მე და შენ თვალებდაჭყეტილები ვუცქერდით, ოთახში შენი პატარა ძამიკო შემოვარდა, ხის ცხენზე ამხედრებული და რომ დაინახა, რა მეჭირა ხელში, დაიჭყივლა: “ბარამბოო! ბარაამბოოო!”
ჰო, იმ ხუთ გრძელწვერა ტილს, პატარა ტილს, ფორმიანებს და წიგნს აღარაფერი ეშველათ, მაგრამ სატილეთის ახალ ენციკლოპედიაში პირველი სიტყვა, რაც შეიტანეს, იყო ბარამბო.
ბარამბო – ადამიანთა ტილებზე ნადირობის ყველაზე იღბლიანი შემთხვევა (მსგავსია ჯეკ-პოტისა, ორი კურდღლის ერთად დაჭერისა, ერთი გასროლით ორის მოკვლისა) როდესაც ადამიანი ახერხებს სატილეთის მთელი საგანძურის ერთი ხელის მოსმით განადგურებას – თავდაცვის, ბრძენთა საბჭოსი და უმდიდრესი ენციკლოპედიის. ასეთი ფაქტი მოხდა ამა და ამ წელს, ამა და ამ რიცხვში. სატილეთის ისტორიაში ეს დღე სამუდამოდ გლოვის დღედ გამოცხადდა.
აღარ გყოლია ტილები, დედი, ადე, გაკვეთილებს მიხედე..


T.B.

Wednesday, December 9, 2009




წითელი ლინზა
წაიკითხეთ ეს მოთხრობა და გაიგეთ, როგორ ექცევიან განსხვავებულებს..

ახალი წლის ზეიმზე ზანზიბარამ თავის დას წითელი ლინზები აჩუქა, რადგან და გოთი იყო და ძალიან გაეხარდებოდა წითელი თვალები. მთელი ექვსი თვე (ანუ მანამ, სანამ ლინზების ვარგისიანობის ვადა იქნებოდა) ზანზიბარას და თავს მოიწონებდა ყველა როკ-კონცერტზე და მათ გარეთაც, რადგან ექნებოდა წიიიიიიითელი თვალები, როგორც ვირთხას აქვს, როგორც ვამპირებს აქვთ და როგორც უკვე ზანზიბარას დასაც აქვს.
მოკლედ, ზანზიბარამ თავის დას ზეიმზე წითელი ლინზები აჩუქა. დაც, როგორც მოსალოდნელი იყო, სიხარულით აკუნტრუშდა, მყისვე გადაიცვა თავისი გოთური აღკაზმულობა და უუუუუმწვერვალეს გოთურ პლატფორმებზე შეხტა. მერე ერთი დაიჭიხვინა სიხარულით და ბრუტალ-მეტალ-ტრუმპა-ცუმპა კონცერტზე გაქუსლა. თან გზაში იტენიდა თვალებში ლინზებს. წითლებს, ჰო...
სამწუხაროდ, იმ ქალაქში, სადაც ზანზიბარა და მისი და ცხოვრობდნენ, ბევრი ისეთი ადამიანი დააბიჯებდა, ათასი სისულელით რომ აქვს თავი გამოტენილი და ჰგონია, სამყარო მისი აზროვნებით ხელმძღვანელობს..ამიტომ, რასაკვირველია გაყოყოჩებულიცაა ყველაფერ სიკეთესთან ერთად.
მაინც რატომ ჰგონიათ, რომ მართლები არიან? ალბათ იმიტომ, რომ სულ თავისნაირები ეხვიათ გარს, ოდითგანვე! და არასდროს არავის არ ჩაუკაკუნებია მათთვის თავში, აზრზე მოდი, ბიჭო, ნუ აჩმახებ, ტოლი ნახე, კოჭი გააგორეო..
მოკლედ, ზანზიბარას აღტაცებისაგან მთვრალი და თავის წითელ თვალებს ანათებდა ყოველ შემხვედრს და კონცერტზეც წითელი შუქი რომ იფრქვეოდა, ეგონა, მე ვასხივებო და რას გაიგებ, ეგებდა მართლაც ის ასხივებდა? ბევრი იცეკვა გოგომ, იკუნტრუშკეკლუცა, თავი მოაწონა სხვებსაც და საკუთარ თავსაც, ცხოვრებას ტაკო გაუქიცინა… მაგრამ მოვიდა სახლში წასვლის დროც. ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! საღამოს ათი საათი გახდა... ისე, ნაუ კი არა, დინგ-დონგ, იმიტომ რომ ნაუ დიიიდი, დიიიიიიიიიიიიდი ზარების ხმებია და არა დამპალი საათის. ოჰ ეგ დამპალი საათი მართლაც, რა! ჯიგარი იყო სალვადორა, რომ ჯღანავდა და ტყლარჭავდა საათებს..
იმას, რომ გაქვს სახლი და გყავს ოჯახი, თავისი მინუსებიცა აქვს და პლიუსებიც, და მადლობა ღმერთს, უმეტესობა შემთხვევაში პლიუსი მეტია. მაგრამ ზანზიბარას დას (დაჰყურებდა რა განათებულ და აძიგძიგებულ ტელეფონს, რომელსაც თითქოს ავი სული შეძრომიაო, ცახცახებდა და ბრიალებდა_ჰმ,სახლიდან ურეკავდნენ) ნამდვილად არ ახსოვდა ოჯახის სიკეთეები. ძალიან გულდაწყვეტილმა აითრია წელი და თავის მოსაწესრიგებლად ტუალეტისაკენ გასწია. ანუ, გაწეწილი თმების ცოტა დასალაგებლად და ლინზებისთვის თვალის შესავლებად.
შენი გარემო, რომელშიც ცხოვრობ, არის ერთგვარი ქსეროქსი, რომელიც გარკვეული კანონზომიერებით ამოიჩემებს შენს რომელიმე დღეს ან კვირას (დასტეპლერებულ შვიდ დღეს) და აქსეროქსებს და აქსეროქსებს. თითქოს აქ არაფერიაო, ისეთი უსინდისო სახით აქსეროქსებს და რაც დრო გადის, ასლის ხარისხი ფუჭდება უბრალოდ, ნაწერი ჩამუქებული, გადღაბნილი ხდება, გაუგებარი ახალი თვალისთვის, მოსაწყენი ცნობისმოყვარესათვის, გულისამრევად ნაცნობი შენთვის და ასე შემდეგ... მთელი შენი ვაჟკაცობა, გამბედაობა კი იმაში გამოიხატება, რომ ამ დამპალ და თავხედ ქსეროქსის მანქანას თავი ახადო და შიგ შენთვის საინტერესო, ახალი ფურცლები დურთო, რომლების რამდენიმე ასლის გადაღებისთანავე (ანუ, როცა გავა 1, 2, 19 კვირა და როცა მოგყირჭდება, რასაც აკეთებდი) შეაგდებ კიდევ სხვას – ნახატს რამეს – მაკიაჟს მაინც გაიკეთებ ახლებურს, თვითმფრინავის ბილეთს დააქსეროქსებ, სადმე დაახვევ, ანუ...კატას დააქსეროქსებ – ოთხფეხა მეგობრები სულს ორფეხებზე ნაკლებ როდი ახარებენ.. იქნებ ვინმე არსება გყავდეს შეგულებული, მიაქსეროქსებ იმასაც და თუ ხვდები, რომ ეს ჩიტი არრრრასოდეს არ მოგბეზრდება, სამუდამო ქსეროქსზეც გაუშვებ, რომ ყოველდღე კი არა, ყოველდრო გვერდით გყავდეს – მისი არსებობა შენს ცხოვრებას დაეტყოს, როგორც ცხელი წყლით სავსე ვარცლის არსებობა დაეტყობა გაყინულ ფეხებს..(ანუ, თუ რა თქმა უნდა, შიგ ჩაყრი) რომ მისი თანადგომა გადაულახავს, აუღებელს და შეუცნობელს შენი შეშინების უფლებას არ აძლევდეს – ჩარგავ მის კისერში თავს და აღარაფრის გეშინია.. ხოლო ყველაფერი ის, რისი მიღწევაც შეიძლება, შენს უბრალო მიზნად იქცეს, რომელიც მიიღწევა, ისევ და ისევ იმ ვიღაცის უბრალოდ არსებობის და უბრალოდ თანადგომის გამო…და რა გეშველება, თუ ის ვიღაც უცბად მოკვდა?? ქსეროქსის მანქანა ხომ ერთადერთი თავხედი მბრძანებელი არაა ამქვეყნად.. რა გეშველება და ჯერ ინერციით განაგრძობ არსებობას, მერე მოეშვები და მოკვდები… უბრალოდ მოკვდები, თავისით მოკვდები, არაფერი განსაკუთრებული.. შენ არაფერი მოგეთხოვება, მაგრამ ეს არაა ამჟამად დიდად სადარდებელი ამბავი. არავინ არ იცის ხოლმე, როგორც წესი, ვინ ვისზე ადრე მოკვდება, თუკი მოკვდება საერთოდ.. მე მგონი ჩვენ იმიტომ ვკვდებით, რომ გვჯერა, ასეც უნდა მოხდეს, აბა გამოჩნდეს ვინმე თავხედი და განაცხადოს, ფეხებსაც ვერ მომჭამს ვერავინ და ვერარა, ვითომ რატომ უნდა მოვკვდეო, მაშინაც მოკვდება ის ვიღაცა? მე მგონი რომ კარგა ხანს მაინც იბორიალებს..ჰო,რავი,რავი.. თან, ბევრს ე.წ. დაცვის მექანიზმები (ფსიქოლოგიური, მაგალითად ფროიდის-უარყოფა, განდევნა) ისე უმუშავებთ, რომ მართლაც, ან მოკვდებიან და ან არა.. ასე რომ, სადარდებელი ჯერ მაინც არაფერია, დარდი მაშინ ნახე, თუ ასეთი ადამიანი, ვისაც სიამოვნებით მიაქსეროქსებდი სამუდამოდ, საერთოდ არ გამოჩნდა..
მშვენივრად გამოიყურებოდნენ ლინზები. ისეთი კვასკვასები და წითლები იყვნენ, მაიმუნის უკანალი მონაგონია! და ზანზიბარას დაც კვლავ სიხარულით აღივსო, მიუხედავად იმისა, რომ სახლში წასვლის დრო იყო მოსული.
კონცერტი ერთ მიყრუებულ ადგილას ტარდებოდა. ნამდვილად ვერ მიაგნებდი შენით, გულითაც რომ გდომოდა… თუ, რა თქმა უნდა, ლაბირინთში ყველის მაძებარი ვირთხასავით არ იყავი გაწვრთნილი. ის კი არადა, რომც მიგეგნო, უკან გამოგნება იყო მეორე ამბავი და მითუმეტეს ზანზიბარას დისთვის, რომელსაც სივრცობრივი ორიენტაცია საერთოდ არ უვარგოდა.
სამწუხაროდ (ნამდვილად სამწუხაროდ) იმ საღამოს ზანზიბარას და გულაჩუყებული იყო თავისი ძმის საქციელით (ლინზები რომ აჩუქა) და ამიტომ გადაწყვიტა, მეამბოხეობა დროებით დაევიწყებინა და მალევე მოესვა სახლისაკენ. კონცერტი ჯერ დამთავრებული არ იყო, ხალხი ახლახანს შესულიყო მუღამში, დაქალსაც ეს-ესაა შეება ერთი სიმპო ბიჭი, წინა ჯგუფის ვოკალისტი და მთელი მონდომებით ეფარცქველებოდა. აბა ის რისი წამომსვლელი იყო და ზანზიბარას დაც მარტო გამოეტენა გაძეძგილი კლუბიდან,
ცივი ჰაერი, ღამის ცივი ჰაერი ეცა სახეში. ცხვირი შავ პალტოში ჩარგო და იქით გამოსწია, საითაც გასასვლელი ეგულებოდა. კუთხიდან შავმა კატამ დასჭყივლა და ზანზიბარას დამ გაიფიქრა, ეს ცუდის ნიშანიაო, მაგრამ ვაი, რომ საკმარისად ცრუმორწმუნე არ გახლდათ! რა კარგი იქნებოდა, კლუბში დაბრუნებულიყო და თავისი დაქალის ტყლარჭვისათვის დილამდე ედევნებინა წითელლინზიანი თვალი.
მაგრამ ზანზიბარას დამ გზა გააგრძელა – კლუბიდან გამოსული ორი ტიპი დაინახა, ალბათ ქუჩაში გადიან ესენიცო და შტერი კნუტივით დანდობილად გაყვა უკან.
მიალაჯებდა ორი აყლაყუდა, თან რაღაცაზე კამათობდნენ გაცხარებით. ზანზიბარას და კი, გულში შიშშეპარული, თავდახრილი მისდევდა უკან.
თითქმის მთელმა საუკუნემ განვლო, სანამ ქუჩამდე გააღწევდნენ. როგორი საყვარელი და კეთილი ეჩვენა ზანზიბარას გოთ დას განათებული და ხმაურიანი ქუჩა! Aაყლაყუდებმა მარცხნივ გაუხვიეს, გახარებულმა გოგომ კი ავტობუსის გაჩერებას მიაშურა. საბედნიეროდ, სკამიც დახვდა (სკამი დიდი ბედნიერებაა, როცა გეჯდომება)
დაჯდა და კმაყოფილი სახით ავტობუსს დაუწყო ლოდინი.

ღამის ქუჩის განათებაზე წითელი ლინზები ალბათ სულ სხვანაირად იბრჭყვიალებდნენ! და ზანზიბარას დამაც ჩანთიდან პატარა სარკე დააძრო. თავის გამოსახულებას მიესიყვარულა. ჩათვალა, რომ მშვენივრად გამოიყურებოდა და ამაყად ასწია რკინეულობით დამძიმებული თავი (ორმოცდაათამდე რკინის თმისსამაგრი ჰქონდა მიეკლებული თმებზე)
გოგოს ამაყი მზერა იქვე მდგომ წყვილს შეეფეთა თვალებში. რა საოცარი შეგრძნება იყო – ეგრევე შეუძვრნენ, შეანათეს ერთმანეთს - თვალი თვალში გაუყარეს. და ზანზიბარას დამ ამ თვალებში კარგი ვერაფერი ამოიკითხა. იმათაც იგივე გაიფიქრეს. უთუოდ არაფრად ეჭაშნიკათ გოგოს წითელი თვალები, აცმუკდნენ. რაღაც გადაუჩურჩულეს ერთმანეთს. ეს ჩურჩული ყმუილს, წკმუტუნს, შეკავებულ ღრენას უფრო გავდა, ვიდრე რაიმე ადამიანურ ხმას.
ზანზიბარას და გააჟრჟოლა. სიცივეს დააბრალა. ამ დროს მისი ავტობუსიც ჩამოდგა გაჩერებაზე. და ის იყო, კიბეზე უნდა აედგა პლატფორმიანი ფეხი, რომ ხელში ვიღაც წვდა და უკან გაითრია. ავტობუსის კარი ჩლახუნით დაიკეტა და ეს ყვითელი მატლი ისეთი კუდამოძუებით გავარდა, რა სიჩქარითაც ნამდვილად არასდროს უვლია, არც ავტობუსს და მითუმეტეს, არც მატლს.
ზანზიბარას დამ გაოგნებულმა გააყოლა თვალი ბოლო ავტობუსს და უცბად აასხა. ახლა მეტროთი მოუწევდა თრახთრახი, აბა სადღა ქონდა ტაქსის ფული? მიუტრიალდა თავხედს და არააადამიანური ხმით (გაცოფებული გოგოს ხმით, რომელიც ბრუტალ-მეტალ-ტრუმპა-ცუმპას უსმენს დღედაღამ) უღრიალა:
-რა გინდა? ვინა ხარ? რატომ ჩამომათრიე, შე დამპალო?
ისე იყო გაღიზიანებული, რომ შიშს ვერ გრძნობდა. ვერ ხედავდა, უცნობი ქალი და კაცი რა გაავებულები უმზერდნენ. ვერ ხედავდა მათ სახეზე გადაფენილ ზიზღს, ვერ ხედავდა მათ მომუშტულ ხელებს.
-თხლაშ!.......
გაიგონა გოგომ და მიიკარგა.
გონზე რომ მოვიდა, საშინელი ტკივილი იგრძნო თვალებში. ძლივს გაარჩია, მის სახესთან დახრილი ორი სილუეტი. ეს ის ქალი და კაცი იყვნენ, გაჩერებაზე მუშტი რომ თხლიშეს სახეში. ბნელოდა. გაჩერებაზე აღარ იყვნენ, თავი ცივ კედელზე ქონდა მიყრდნობილი, სველ მიწაზე ეგდო. იქაურობა შარდის სუნად ყარდა. ეს ორნი კიდევ ძალით ახელინებდნენ თვალებს და თან ფანარს ანათებდნენ შიგ.
-კი,კი, წითელია! Nამდვილად ის არის! –აჩქარებით ბლუკუნებდა ქალი.
-თან დუჟიც გადმოსდის პირიდან! რა უნდა ვქნათ? – იკითხა კაცმა ისეთი იერით, რომ ეტყობოდა, ბევრი დარწმუნება არ სჭირდებოდა, ისედაც იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
-მალე, მალე, სანამ ვინმე მოსულა! მერე ახსნის თავი არა მაქვს! ისედაც ხომ ვიცით, რომ სწორად ვიქცევით?! ვერ ხედავ, ეს გოგო ეშმაკეულია! – ღრინავდა ქალი – დროზე მოუღე ბოლო, სანამ საბოლოოდ მოსულა გონზე და ნაწლავები გამოუგლეჯია ჩვენთვის!! მალე! მალე!
-მე.. მე არ შემიძლია! – თქვა უცებ კაცმა და გოგოს ხელი ცივად გაუშვა. –მე არ შემიძლია!
-რაა?? –ზიზღით აივსო ქალი.
-მერე მაგისიანები მიპოვნიან და შურს იძიებენ.. ჩაიბურტყუნა კაცმა და გავარდა. თავქუდმოგლეჯილი გავარდა. გზადაგზა პირჯვარს იწერდა გამალებული და ისე მიქროდა, ერთხელაც არ მოუხედავს უკან.
ქალმა აღარ იცოდა, რა ექნა – კაცს გაჰკიდებოდა თუ საქმე თვითონ მიეყვანა ბოლომდე.
-დამპალი ვირთხა!- ჩაისისინა გამწარებით.
-დამპალი, მშიშარა ვირთხა! არადა, მსოფლიოს რომ კითხო, კაცები არიან, რაც არიან! ერთ კახპას ვერ გამკლავებია, ღორს ეშმაკებთან მებრძოლად მოაქვს თავი! Aხლა ეს გრძნეულიც უნდა გავუშვათ, რომ მერე ჩვენი ქალაქის ბავშვები დაჭამოს?? სისხლით გატიკნულა, თვალები რპგპრ უელავს! Mისვენებულა აქ, ვითომ ცუდადაა, არადა, მაკვირდება, ერთი სული აქვს, გაქცევას როდის გადავწყვეტ, რომ მერე კბილებით მწვდეს კანჭში და ხორცი ამაგლიჯოს! როგორც იმ ფილმშია, ისე!
ქალი მთლიანად ცახცახებდა, ზანზიბარას დას საფეთქლებზე ოფლმა დაასხა. ორი მდედრი შეშინებული შეჰყურებდა ერთმანეთს თვალებში და არ ესმოდათ, არცერთს არ ესმოდა, რა ხდებოდა.
-ხმასაც რომ არ იღებ, გგონია, შენი მეშინია??
და ქალი უცბად ფეხზე წამოვარდა – Qქალში განსხეულებულო სატანავ, შენ ქალი მოგიღებს ბოლოს! გგონია მაგ მდუმარე, გაფითრებული სახით მომილბობ გულს? გგონია ჩემს შენხელა შვილს შეგადარებ და დავეჭვდები შენს ბოროტებაში? გგონია არ გავაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც ჩემი ვალია? გგონია, რახან ჩემი კაცი ასე გაიქცა. მეც შემაშინებს შენი შურისძიება??
ქალი უკვე გაჰყვიროდა და ვაი, რომ ამ ყვირილით ძალას იკრებდა, საკუთარ ძლიერებაში, საკუთარ ყოვლისმომცველობაში ირწმუნებდა თავს. ვაი, რომ ყოველი სიტყვა გონებას ურევდა, ვაი, რომ გოგოს თავზე ჯერ რქები “დაინახა” ქალმა, მერე კუდი, ბოლოს ჩლიქებიც “გამოჩნდნენ”.
-მოკვდი, ვოლანდ! დაიწივლა ქალმა და მისვენებულ, შიშისაგან გახევებულ გოგოს მუცელში დანა ტარამდე შეასო.
-მოკვდი, წყეულო სატანავ! დაატრიალა დანა ქალმა.
-მოკვდი, გრძნეულო! დაიხავლა გაგიჟებულმა და დანა ახლა ზურგში ჩაარტყა წინგადმოხრილ გოგოს.
-მოკვდი, ლუციფერო!
-მოკვდი, დემონო!
-მოკვდი, საზიზღარო ტარტაროზო!
-მოკვდი, მოკვდი!
-მოკვდი!
და ქალი უსულოდ დაეცა მიწაზე.

ეს "მოთხრობა" შეიცვლება...მაგრამ სანამ არ მცალია/მეზარება, ეგდოს ასეთად...ფიჰ..:P

ასკილი
თანდათან ვრწმუნდები, რომ ეს მოთხრობა ავადმყოფობის დროს ნანახ სიზმარზე უარესია..თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა მაინც არა აქვს, რადგან თუ მას წაიკითხავთ, ხიფათს გადაეყrებით, თუ არ წაიკითხავთ, ხათაბალაში გაეხვევით, ხოლო თუ თავის დაძვრენის მიზნით სხვას ეტყვით, ხმამაღლა წამიკითხეო, კანის კიბო არ აგცდებათ! ასე რომ, ვივა გზაჯვარედინებს! დააა... თამამად, თამამად!

იდგა მონიტორი. უფრო სწორად, პროცესორი. აუჰ, ის ყუთი, ფუტკრის ფიჭასავით დახვრეტილი უკანალით, თუ ზურგით. ზემოდან დახტოდა ვირჯინია. ანუ, ზურგზე დახტოდა, თუ დარბოდა. ააგდებდა ქვას და შეუშვერდა თავს. ხანდახან ქვა ძირს არ ვარდებოდა, ანუ არ ვარდდებოდა. ასეთ დროს ვირჯინია მუცელში იცემდა სამართებელს და გარბოდა დეპილაციის გასაკეთებლად.
იმ დღეებში, სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, სხვები კარგად ვიყავით და გრამატიკასაც ვსწავლობდით. მაგრამ, ერთხელაც, ვირჯინიას ყველაფერი აერ-დაერია და ქვის მაგივრად სამართებელი ააგდო ზევით. თავი რომ შეუშვირა, სამართებელმა თმები წააჭრა და რადგან ვირჯინია იყო სამსუნი, ისე დაუძლურდა, რომ ძლივძლივობით აიღო ქვა და მუცელში (თუ...) ირტყა და ირტყა. ისიც ძლივძლივობით.
როცა დასუსტებული ვირსონი საბოლოოდ პროცესორიდანაც ჩამოვარდა და კისერი მოიმტვრია, სხვები, და ანუ ჩვენ, გავკოტრდით და აღარ გვქონდა დრო და ძალი გრამატიკის სწავლისა. ავიღეთ დაბალპროცენტიანი სესხი და გავეშურეთ ბედის საძებნელად. ბედი იგივე მაღალანაზღაურებადი უსაქმურობაა, ამიტომ სასიარულო ბევრი გვქონდა და ჩვენც, ანუ სხვები, კარგად მოვემზადეთ.
თავდაპირველად, გავიყავით რაც გვებადა: პროცესორი ერგო უფროს დას, ქვა შუათანას, სამართებელი კი უმცროსს. ანუ ნაბოლარას და ზოგიერთი ზღაპრისაგან განსხვავებით, ყველაზე ჭკვიანს.
მე, რადგანაც ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი, არაფერი დამიტოვეს, გრამატიკის წიგნის გარდა, რომელიც მალე გაქრა, საპატიო მიზეზების გამო. არავითარი მისტიკა, სულ მარტივი მოძრაობით კუდრაჭა გლეხებმა ტრაკში გამოისვეს.
ჩვენ, ანუ სხვები, სარჩო-საბადებლის გაყოფას რომ მოვრჩით, დავიწყეთ იმაზე ფიქრი, ღირდა თუ არა უსაქმურობის საძებნელად წასვლა, ამ მძიმე სამუშაოს კეთება ხომ აქაც შეგვეძლო. ალბათ გვეშინოდა ახალი ცხოვრების დაწყების. მაგრამ მერე გაგვახსენდა, რომ აქ, იქაურობისაგან განსხვავებით ნამდვილად არავინ გადაგვიხდიდა და ამიტომაც გავუდექით გზას.
თუმცა მე რა... გაუდგნენ ჩემი უფროსი დები. მალე გაიყარნენ კიდეც, რადგან გზაჯვარედინი აუცილებლად შეხვდებოდათ და თავ-თავიანთ გზას დაადგნენ. მე ჯერ კიდევ ჩემი კისერმომტვრეული ვირსონის საშოში ვიჯექი და მიუხედავად დიდი აქტიურობისა, ვირსონის კისერმომტვრეულობამ მაინც შემიშალა ხელი, მეც დავდგომოდი რაიმე გზას, მაგრამ ბედმა არ გამწირა და ჩემი უფროსი დები უკანვე მობრუნდნენ, არ კი ვიცი, რატომ.
ვირსონის მუცლიდან რომ ამომათრიეს, ეგრევე წავიდნენ და მეც უკან გავყევი.
ავედით ჯერ მთაზე. იქ სწრაფად სიარული გვიჭირდა და ამიტომ ასკილის კრეფით ვირთობდით თავებს, სამართებლით ვკეპდით, ქვით ვსრესდით და პროცესორში (რომელიც დიდი ხანია გამოშიგნული იყო) ვყრიდით. ვიმედოვნებდით, რომ როდესმე შევძლებდით უსაქმურობით ნაშოვნ სახლში ამ ასკილის ჩაის მშვიდად დალევას.
მალე მე გავცივდი და ჩემი უფროსი დებისათვის კიდევ ერთხელ რომ არ შემეშალა ხელი ბედის ძიებაში, კლდიდან გადავხტი.
ეს კლდე იყო პროცესორი, რომელსაც ჰქონდა ფიჭა. ფიჭის ნასვრეტებს უკან მოჩანდა დანაყილი ასკილი, რომელსაც ყოველმიზეზგარეშე ჩაიდ ქცევა ეწერა.
მე, როგორც არაწესიერი და იშვიათად გამოყენებადი ზმნა, მალევე დამივიწყეს უფროსმა დებმა. მაგრამ მე მათ ყველაფერს ვპატიობ, მითუმეტეს, რომ ჩემი არსებობა მხოლოდდამხოლოდ სასიამოვნო სიზმრით თავის მოტყუება იყო და მეტი არაფერი.
ჩემმა უფროსმა დებმა მართლაც იპოვეს, რასაც ეძებდნენ და ხალხმა მათ ბედნიერი დები შეარქვა.
მეზარება მათზე თქვენთვის მოყოლა, თან, კაცმა არ იცის, გაინტერესებთ, თუ არა. ერთს გეტყვით მხოლოდ, ასკილს თუ დანაყავთ, უფრო კარგად გამოუშვებს წვენს და თქვენც მეტად ისიამოვნებთ მისი ნაყენის მირთმევით.
T.B.